იმედი მოგვეცა, რომ ცხედარს მაინც იპოვნიან- გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის დედა

გორში კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე სამხარაულის ექსპერტ-კრიმინალისტების ინფორმაცია, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.
გაუჩინარებული ბავშვის დედის თქმით, მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს. მხოლოდ ის იცის,რომ სენსორული სკანერით მოპოვებული ინფორმაციის გაშიფვრა დღეს უნდა დასრულდეს და შესაბამისად შედეგიც დღეს უნდა იყოს.

„არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, ვიცით ის, რომ სენსორული სკანერით მოპოვებული ინფორმაციის გაშიფვრა-დამუშავებას დაახლოებით ორი დღე დასჭირდებოდა. შესაბამისად, სავარაუდოდ დღეს უნდა იყოს გარკვეული შედეგი. მონიშნული ტერიტორიიდან უკვე აიღეს ის პატარა სამფეროვანი დროშები, რომლებიც ოპერატიულ სამძებრო ღონიძიებების დაწყებისას განათავსეს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ პოლიციის ერთ-ერთი ოპერატიული ყვითელი ლენტი დაემატა ამ ადგილზე. იმედია, რაიმე შედეგი იქნება. 14 წელიწადია ამ საშინელ მდგომარეობაში ვართ და ახლა იმედი მოგვეცა, რომ ცხედარს მაინც იპოვნიან“, – ამბობს დაკარგული ბავშვის დედა ხათუნა რაზმაძე.

არსებული ინფორმაციით, გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმეში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ წლების წინ გაუჩინარებული კიდევ ერთი ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელი აღიარა და სამართალდამცავები სწორედ აღნიშნულ ადგილს ეძებენ.

როგორც ცნობილია, 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი გორში, 2004 წლის 1-ელ ნოემბერს გაუჩინარდა.