მარნეულის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე დამკვირვებელს „თავის დაჩეჩქვით“ დაემუქრა და ტელეფონის წართმევაც სცადა, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ორგანიზაცია 15:00 საათისთვის არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მათი განმარტებით, ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მნიშვნელოვანი ტენდენციის სახით გამოიკვეთა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მცდელობები.
„საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის მსგავსად, სხვადასხვა ოლქებში საარჩევნო უბნების მიმდებარედ შეინიშნება „ქართული ოცნებისა“ და კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებისა თუ ე.წ. კოორდინატორების მობილიზება და მათი მიერ საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვა. ერთ-ერთი უბნის მიმდებარედ, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა ასევე დააფიქსირა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი.
კვლავ გრძელდება და ტენდეციის სახე მიიღო კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებმა. წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტების გათვალისწინებით, შემაშფოთებელია საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, რადგან აღნიშნული ხელს უშლის ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას.
სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე და მათ მიმდებარედ, დაფიქსირდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისადმი აგრესიული დამოკიდებულებისა და სადამკვირვებლო საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევები. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა და სხვა დამკვირვებლებმა „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებს ფოტო-ვიდეო გადაღება და უბანზე შესვლა შეუზღუდეს. გარდა ამისა, მარნეულის ოლის #10 საარჩევნო უბანზე, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს კომისიის თავმჯდომარემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მსგავსი ფაქტები კატეგორიულად მიუღებელია. „სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება და უზრუნველყოს დამკვირვებლებისთვის უსაფრთხოდ და თავისუფლად დაკვირვების შესაძლებლობა.
ამ დროისათვის, „სამართლიანმა არჩევნება“ საუბნო საარჩევნო კომისიებში 22 საჩივარი შეიტანა. ასევე, 22 საჩივარი არის წარდგენილი საოლქო საარჩევნო კომისიებში“, – ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.
მთავარი ყველა საზოგადოება მარნეულის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე დამკვირვებელს „თავის დაჩეჩქვით“ დაემუქრა-„სამართლიანი არჩევნები“