მარნეულის საოლქო ყიზლიაჯლოში 49-ე საარჩევნო უბანზე დარღვევას არ ადასტურებს

ყიზილაჯლოს 49-ე საარჩევნო უბნის პროცედურული დარღვევებით გახსნას და ამაში „ქართული ოცნების” საკრებულოს მოქმედი დეპუტატის, ჯეიხუნ ჩოიდაროვის მონაწილეობას მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარე იაკობ ასანიძე არ ადასტურებს.

„აღნიშნულ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ. 49-ე უბანზე ჩატარდა წილისყრა, შემდეგ ჩატარდა განმეორებითი წილისყრა, რადგან კომისიის ერთ-ერთმა წევრმა უარი განაცხადა გადასატანი ყუთის წაღებაზე.

რაც შეეხება ჩოიდაროვს, ის ამ უბანზე წარმომადგენელია და სრული უფლება აქვს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის.

07:00 საათზე გაიხსნა ყველა საარჩევნო უბანი, 08:00 საათმდე ჩატარდა წილისყრა. 08:00 საათზე ამომრჩევლების მიღება დაიწყეს. მარნეულის საარჩევნო ოლქში სულ 90 უბანია, ამომრჩევლების რაოდენობა 99 427 ადამიანია”, – აცხადებს ასანიძე.

შეგახსენებთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა, „ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა ბესიკ დონაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყიზილაჯლოში, 49-ე საარჩევნო უბანი პროცედურული დარღვევებით გაიხსნა და საარჩევნო პროცედურების ჩატარებაში ხელს უშლიდა „ქართული ოცნების” საკრებულოს მოქმედი დეპუტატი ჯეიხუნ ჩოიდაროვი.