მუნიციპალური ფულადი და არაფულადი პროგრამები , სოციალური მომსახურების სტანდარტები და სოციალური მოდელი -ეს იმ პროგრამების ჩამონათვალია , რომელიც საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლებმა რუსთავის თვითმმართველობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გააცნეს . პროექტ „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის „ ფარგლებში მხარეებმა სოციალური მომსახურების სტანდარტებისა და სოციალურად დაუცველი , უსახლკარო პირებისთვის განკუთვნილი თავშესაფრის მოდელის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია . ასოციაციის წარმომადგენლებმა რუსთავის თვითმმართველობას უსაფრთხო ხელმისაწვდომი და ბარიერებისგან თავისუფალი თავშესაფრის მოდელი შესთავაზეს , რომელიც რეგიონის მასშტაბით ბენეფიციარებისთვის ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილებას და სამომავლოდ პირის სოციუმში ინტეგრირებას გულისხმობს . სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ თავშესაფრის მოდელი რეგიონებში კვლევის საფუძველზე შეიმუშავა , რაც საჭიროებების მიხედვით ნებისმიერი ასაკის ბენეფიციარისთვის გადაუდებელ და რეგულარულ მომსახურებას მოიცავს. თავშესაფრის კონცეფცია ორ მომსახურებას გულისხმობს გადაუდებელს და რეგულარულს , გადაუდებელი თავშესაფრის მომსახურება გათვალისწინებულია ისეთი შემთხვევებისთვის , როცა პირმა ან ოჯახმა საცხოვრებელი ფართი კატასტროფებისა და სტიქიური უბედურებების შედეგად დაკარგა , ხოლო რეგულარული თავშესაფრის მოდელით გათვალისწინებულია იმ ბენეფიციარებისთვის , ვისაც გადაუდებელი მომსახურების ვადის გასვლის შემდეგ კვლავ არ აქვს საცხოვრებელი.
როგორც რუსთავის მერიის სოციალურ სამსახურში განმარტავენ , შემოთავაზებული თავშესაფრის მოდელი და სოციალური მომსახურების სტანდარტები ბენეფიციარების მომსახურების და საბოლოოდ მათი ინტეგრაციის საუკეთესო საშუალებაა , რომელსაც რუსთავის სოციალურ საცხოვრისში გამოიყენებენ .
პროექტი „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის „ world vision “ საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.