„ქართული ოცნება – დემოკრატიული“ საქართველოს თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თუ ჰიპოთეტურად დავუშვებთ, რომ მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გაიმარჯვებს, მთავრობას საკმარისი რესურსი აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები კანონის ფარგლებში მოაქციოს. ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვას, რა მოხდება, თუ მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გაიმარჯვა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მეორე ტურის ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება შეფერხდება, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველდღიურად შეეცდება რევოლუციური სცენარების განვითარებას, რაც ივანიშვილის აზრით, ინვესტიციების შემოსვლას ხელს შეუშლის.
„შტაბში მითხრეს, არ გაბედო, მაგაზე არ ისაუბროო, მაგრამ ამ კითხვას არ გავურბივარ. წარმოვიდგინოთ ჰიპოთეტურად, რომ ასეთი რამ მოხდა და დავხატოთ მოდელი, რა იქნება. „ქართული ოცნება“როგორც პარტია გამაგრდება, რასაც მე ვაპირებ. საზოგადოებას ვარწმუნებ, რომ ხელისუფლებას აქვს რესურსი, ეს ძალა, რომელიც შეიძლება მოვიდეს, ეს ხალხი გამოუშვას გარეთ, შემოვიდნენ აგერ და ფანჯრებთან დაგვიდგნენ, კონსტიტუციურ ჩარჩოებში დატოვოს და კანონს იქით არ გაუშვას. კანონის ფარგლებში დავტოვებთ და ნურავის აქვს ილუზია, რომ რაღაცებს მოახერხებენ და ამოატრიალებენ.
ეს, რა თქმა უნდა, მძიმე იქნება ეკონომიკისთვის. ესენი ყოველდღიურად ეცდებიან, არეულობა შექმნან, რის გამოც დაბალპროგნოზირებადი გახდება სტაბილურობა. რა თქმა უნდა, ამას მიაღწევენ და რა თქმა უნდა, ეს ძალიან დააზარალებს ეკონომიკას. მე ვიცი ბიზნესი, ბიზნესიდან მოსული ვარ, ბიზნესმენების განწყობაც ვიცი და თქვენც იცით, არ სჭირდება ამას ბიზნესში ყოფნა.
იქ სადაც ხიფათია, რომ შეიძლება ხვალ რევოლუცია მოხდეს, სიტუაცია შეიცვალოს და ამოტრიალდეს, თან ვისგან, ის ხალხი კარგად ახსოვს საზოგადოებას, იქ ფულის ჩამდები ხალხი ნაკლები იქნება. ინვესტიციებსა და ეკონომიკაზე ეს აუცილებლად მოახდენს გავლენას. ეს აუცილებლად აისახება ქვეყნის განვითარებაზე, დრამატიზება არ მინდა, მაგრამ კარგად უნდა დავინახოთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვება ყველაზე უარყოფითად საქართველოს საგარეო იმიჯზე აისახება.
„ჩემთვის ყველაზე მძიმე იქნებოდა საგარეო იმიჯი, როცა მთელმა მსოფლიომ, როგორც იქნა, თავის სახელი დაარქვა „ნაციონალურ მოძრაობას“, ამას დასჭირდა წლები. ყველამ გაიგო, ვინ არიან ეგენი. როგორც ჩვენ ვიცოდით პირველსავე წელს. მივიღეთ კიდეც საზოგადოების მხარდაჭერა, როცა ნახეს, რა სიტუაცია იყო, მეც გარკვეული ნდობა მქონდა. საზღვარგარეთ განწყობა იყო აბსოლუტურად განსხვავებული, დიამეტრალურად საპირისპირო. დღეს ევროპამაც და ამერიკამაც იცნო, ვინ არიან ესენი, რომ აღარ დავახასიათო. ჩვენ როგორც ვიცნობთ მათ, ისე იცნეს.
ახლა, ამ ფონზე, ამ არჩევნებით ჩვენ თუ მოვახერხეთ, რომ ესენი შემობრუნდნენ, გარეთ გაფორმდება, რომ ისევ ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი, საერთოდ დავაბნევთ ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს ევროპელები იქნებიან თუ ამერიკელები, რომ რა მოხდა და როგორ მოხდა. რა თქმა უნდა, ეს ცუდი იქნება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც „ქართული ოცნება – დემოკრატიული“ საქართველოს თავმჯდომარემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების მოგებას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობენ, თუმცა ამას ვერ შეძლებენ.
„ნურავის აქვს ილუზია, რომ რითაც ესენი არჩევნების მოგებას ცდილობენ – ისევ ძალით, რაც ჰქონდათ, ისევ იმ მეთოდებით მოვლენ, ვერაფერსაც ვერ იზამენ, გარწმუნებთ, ვერ მოვლენ. მაგრამ თუ მაინც ჰიპოთეტურად წარმოვიდგენთ, გარწმუნებთ და ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ ჩვენ საკმარისი რესურსი გვქვს, კანონიერების ფარგლებში მოვაქციოთ, მაგრამ ეკონომიკასა და ქვეყნის განვითარებას რომ შეაფერხებს, ეს ფაქტია. ყველასთვის გასაგებია, რომ რევოლუციურ სცენარებში, რომლებსაც ესენი შეეცდებიან ყოველდღიურად გააფორმონ, ფულის შემოტანა და ინვესტიციები არ მოხდება. თუ მოხდება, ეს იქნება ძალიან ცოტა და ეს იქნება ცუდი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა