პროექტის „ენერგოაუდიტორების ტრენინგი და სერტიფიცირება, შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის“ წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით, გამართულ კონფერენციაზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას, სპეციალური ჯილდო და სერთიფიკატი გადაეცა.
პროექტი დანიის სამეზობლო პროგრამის „საქართველოში ენერგოეფექტურობისა და მდგრადი ენერგეტიკის მხარდაჭერის“ ფარგლებში განხორციელდა.
„ენერგოაუდიტორების ტრენინგი და სერტიფიცირება, შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკის დეპარტამენტისა და რუსთავის, ბოლნისის, ახალციხის, ზუგდიდის, ქუთაისის, მუნიციპალიტეტებისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში 65 საზოგადოებრივ შენობაში, მათ შორის რუსთავში, ენერგომონიტორინგი ჩატარდა, 40-მა სპეციალისტმა ენერგოაუდიტორთა მომზადების პრაქტიკული კურსი გაიარა, ხოლო 50 საზოგადოებრივ შენობაში ჩატარდა ენერგოაუდიტი. პროექტში აქტიურად იყო ჩართული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი.
რუსთავის, ბოლნისის, ახალციხის, ქუთაისის, თბილისისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან, 66 შენობის მენეჯერმა მონაწილეობა მიიღო ცნობიერების ამაღლების კამპანიასა და ენერგომონიტორინგის დანერგვაში. სწორედ შენობების მართვისა და ექსპლუატაციის პროცესში ენერგოეფექტური ღონისძიებების წარმატებით დანერგვისათვის, ცნობიერების კამპანიაში ჩართული შენობების მენეჯერებს, სპეციალური ჯილდოები გადაეცათ.
დასკვნით კონფერენციაზე, პროექტების მსვლელობისას მიღწეული შედეგების გარდა, საქართველოში ენერგოეფექტური ღონისძიებების დაფინანსების სამომავლო ნაბიჯებიც იქნა განხილული.
აღსანიშნავია, რომ დანიის სამეზობლო პროგრამის ადმინისტრირება ხორციელდება ჩრდილოეთის ქვეყნების გარემოსდაცვითი საფინანსო კორპორაციის (NEFCO), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (DANIDA) მიერ. ისსაქართველოში ენერგოეფეტურობისა და განხლებადი ენერგიების განვითარებას ისახავს მიზნად.