რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა , 2018 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციას წარადგენს.
ქალაქის მერმა წლის ანგარიშში, დღემდე განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, 2018 წლიდან დაწყებულ სოციალურ პროგრამებზე და ქალაქის კულტურის სფეროში, წლის განმავლობაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება.
ირაკლი ტაბაღუამ, 2018 წლისთვის დაგეგმილი რამოდენიმე პროექტის კონცეფციაზე და ახალი სპორტის სასახლის მშენებლობის პროექტზეც ისაუბრა.
როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, 2018 წლის განმავლობაში, რუსთავში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან, 12 644 460 ლარი იყო გათვალისწინებული. წელს რუსთავში, მუნიციპალიტეტის მიერ, პირველად ხორციელდება პროექტი, რომელიც სოციალურად დაუცველი, თავშესაფრის მაძიებელი რუსთაველების, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითვალისწინებს. სოციალურ საცხოვრისში, რომლის მშენებლობაც წლის ბოლომდე დასრულდება, 52 რუსთაველი ოჯახი იცხოვრებს.
რუსთავის მერია, 2018 წელს, 27 სოციალურ პროგრამას აფინანსებს, აქედან 5 ახალია. გაიზარდა მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების და უფასო სასადილოებით მომსახურების პროგრამების ბიუჯეტიც, დაიხვეწა მოქალაქეთა განცხადებების რეგისტრაციის ფორმა და მიმდინარე წლიდან, რუსთაველებს, საკუთარი განაცხადის შეტანა, ტერიტორიული ერთეულების ოფისებშიც შეუძლიათ.
ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალაქის გამწვანების საკითხს და წლის განმავლობაში, დენდროლოგიური პროექტის ფარგლებში, 970 ძირი, ხოლო რამოდენიმე დღის წინ გამართულ გამწვანების აქციაზე, 700 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხე დაირგო. 2018 წლიდან შეიქმნა მერიის ინოვაციების ჰაბიც, რომელიც ქალაქის რევიტალიზაციის პროექტზე მუშაობს. მიმდინარე წლიდანვე, რუსთავის მერიაში, ამუშავდა ,,ახალგაზრდა ინიციატორთა პროგრამაც“, რომლის მიხედვითაც, საინტერესო იდეების მქონე რუსთაველ ახალგაზრდებს, რომლებიც პარალელურად საერთაშორისო ფონდებიდანაც ფინანსდებიან, რუსთავის მერია პროექტის ღირებულების 50%-ს უფინანსებს. საინტერესო და ნაყოფიერი იყო 2018 წელი ინვესტიციების კუთხითაც, მიმდინარე წელს, რუსთავში განხორციელებული და მიმდინარე ინვესტიციების საერთო თანხა 61 მილიონ ლარს სცილდება.
რუსთავის მერის ანგარიშის პრეზენტაციას, რუსთაველი ახალგაზრდები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ქალაქის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.