რუსთავის საქალაქო სასამართლოში ზაზა სარალიძის საქმეზე სხდომა გაიმართება

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, დღეს, 16:00 საათზე, ზაზა სარალიძის საქმეზე სხდომა გაიმართება.
ამის შესახება ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განაცხადა, დღეს სასამართლო წინასასამართლო სხდომის თარიღს დანიშნავს.

„რუსთავის სასამართლო დღეს წინასასამართლო სხდომის თარიღს დანიშნავს. თვითონ საქმესთან დაკავშირებით ჯერ ვერაფერზე ვისაუბრებ. ამ ეტაპზე აღკვეთის ღონისძიებაზე საუბარი საერთოდ არ მიმდინარეობს“, – განაცხადა ლონდარიძემ.

შეგახსენებთ, რომ პოლიციელზე თავდასხმის გამო ზაზა სარალიძე 26 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. ინციდენტის დროს ზაზა სარალიძემ პოლიციელს ჯოხი ჩაარტყა. დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ სარალიძეს პარლამენტთან კარვის გაშლის უფლება არ მისცეს. სარალიძეს ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სარალიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.