რუსთავის სპორტის სასახლის პროექტის განხორციელება დაწყებულია

რუსთავის სპორტის სასახლის პროექტის განხორციელება დაწყებულია -ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი , გიორგი ბეგაძე სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს .
მინდა გაგიზიაროთ იმ მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის ვიზუალური და შინაარსობრივი მხარე, რომელიც დავით აღმაშენებლის გამზირზე , სარაგბო სტადიონის მიმდებარედ აშენდება. თანამედროვე სპორტის სასახლე ახალ ისტორიას შექმნის ჩვენი ქალაქის სპორტულ ცხოვრებაში, საშუალებას მოგვცემს, რუსთავმა უმასპინძლოს საერთაშორისო დონის ტურნირებს სპორტის სხვადასხვა სახეობებში, განაპირობებს ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი თაობების აღზრდას რაც ხელს შუწყობს ჩვენი შვილების წარმატებულ მომავალს.პროექტში გათვალიწინებულია დარბაზის მენეჯმენტისთვის საჭირო სამუშაოთა წარმოება შეზღუდვების გარეშე, კერძოდ: შესაძლებელია ყველა მასში შემავალი სხვადასხვა ბლოკის ცალცალკე დამოუკიდებელი ფუნქციონირება. პროექტით გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შენობის ადაპტაციის ღონისძიებები, ასევე საერთაშორისო ფედერაციების სტანდარტები დარბაზში მაყურებელთა დასაჯდომი ტრიბუნებისთვის (მათ შორის ოფიციალური ტექნიკური პერსონალის განთავსების ადგილი), სპორტსმენთა, მწვრთნელთა და მსაჯთა გასახდელებისა და სველი წერტილებისთვის საჭირო სივრცეები, კვების ობიექტებისთვის საჭირო ნორმები, მაყურებელთა განტვირთვის სქემები და სხვა.
შენობა არის ორსართულიანი ნაგებობა, რომლის ცენტრშიც მოთავსებულია შესასვლელი ცენტრალური ვესტიბიული და მთავარი დარბაზი. ასევე ვესტიბიული ოფიციალური პირებისათვის. დარბაზის გამართული ფუნქციონირებისა და ზონირებისთვის, ცენტრალური ვესტიბიულის მხრიდან მოეწყობა მაყურებელთა ცალმხრივი ტრიბუნა საერთო ტევადობით 1040 კაცზე. მთავარი დარბაზის გარშემო სიმეტრიულად, განთავსებულია ყველა საჭირო სათავსები, რომლებიც განათებული კორიდორებით უკავშირდება ერთმანეთს მათ შორის: ცენტრალური ვესტიბიული, ჭიდაობისა და კრივის დარბაზი თავისი გასახდელებით, ორი ძირითადი გასახდელი სპორტსმენებისთვის, კონფერენც-დარბაზი თავისი დამხმარე ოთახებით, ინვენტარის შესანახი ოთახი, ოფიციალური პირებისა და მწვრთნელების დასასვენებელი ოთახები. ასევე, საერთო დანიშნულების სველი წერტილები და ტექნიკური პერსონალისთვის განკუთვნილი ოთახები. დარბაზის ცენტრალურ ვესტიბიულში განლაგებულია კაფე თავისი ტექნოლოგიური ბლოკით, ვესტიბიულში, ასევე განლაგებულია სპორტული ინვენტარის მაღაზიები. სპორტულ კომპლექსში გათვალისწინებულია ასპარეზობაში მონაწილე გუნდებისთვის სხვადასხვა დამოუკიდებელი შესასვლელები, ასევე დამოუკიდებელი ფუნქციონირების საშუალება აქვს დანარჩენ ბლოკებსაც, მათ შორის: სპორტულ ბლოკს, ადმინისტრაციულ ბლოკსა და საკონფერენციო დარბაზის ბლოკს. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად მსაჯთა ოთახები განთავსებულია იზოლირებულად, ცენტრალური დარბაზის სიახლოვეს და მონაწილე გუნდების გასახდელებისგან მოშორებით.
ხანძარსაწინააღმდეგო და საევაკუაციო მიზნით, შენობას გააჩნია რამდენიმე სათადარიგო გასასვლელი. სპორტსმენების გასახდელები უზრუნველყოფილი იქნება საშხაპეებითა და საპირფარეშოებით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის შესასვლელ ბაქანთან მოეწყობა პანდუსი. „-ნათქვამია დეპუტატის განცხადებაში .