რუსთავის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიამ დაახარვეზა. პროექტის საკრებულოს სხდომაზე განხილვის შემდეგ ის სავარაუდოდ დოკუმენტის ავტორს ,რუსთავის მერიას კორექტირების მიზნით უკან დაუბრუნდება. დოკუმენტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვს როგორც საკრებულოს უმცირესობის ასევე უმრავლესობის წევრებს. დეპუტატების ნაწილი ფიქრობს, რომ ბიუჯეტი დახვეწას საჭიროებს და მასში მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინება მაქსიმალურად უნდა მოხდეს. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით რეხვიაშვილი ითხოვს, რომ ბიუჯეტის პროექტის კორექტირების პროცესში საკრებულოს დეპუტატების ჩართულობა და რეკომენდაციების გათვალისწინება მოხდეს. საკრებულოს უმრავლესობის წევრი გურამ ფირცხალაიშვილი კი ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის დაფინანსების შემცირებაზე საუბრობს და ამბობს რომ მომავალ წელს ამ მიმართულებით უფრო ნაკლები დაიხარჯება, ვიდრე წელს იყო გათვალისწინებული. მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის თქმით, ინფრასტრუქტურული მიმართულების დაფინანსება მომავალ წელს შემცირებული არ არის, მისივე თქმით ინფრასტრუქტურული პროექტების გარკვეული ნაწილი რუსთავ სერვის ცენტრისა ” და “რუსთავის კორპუსის” პრეროგატივა გახდა და სწორედ აღნიშნული აიპების დაფინანსებით მოხდება რუსთავში ინფრასტრუქტურის განვითარება.პროექტის მიხედვით ინფრასტრუქტურის დაფინანსებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 მილიონ 200 ათასი ლარია განსაზღვრული. ამ მიმართულებით დაახლოებით რვა მილიონ ლარს ელოდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ ბიუჯეტის სოციალურ ნაწილთან დაკავშირებით აქვთ შენიშვნები. ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობაში ფიქრობენ, რომ უფასო სასადილოების პროგრამის ბიუჯეტი საკმარისი არ არის და მომავალ წელსაც პროგრამის მიღმა ასეულობით ადამიანი დარჩება. რუსთავის 2019 წლის ბიუჯეტი 41 მილიონ 24 ათასი ლარით განისაზღვრა.