რუსთავში დაკავებულ ადევნებას და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებულს 4 წელი მიუსაჯეს

სასამართლომ ადევნებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც საქართველოს პროკურატურიდან ცნობილი ხდება, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადევნებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებული ნ.გ. დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ნ.გ.-მ სოციალური ქსელის საშუალებით თ.ჩ.-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური დეტალები შეიტყო. ამ ინფორმაციის გამჟღავნების მუქარით ნ.გ.-მ სოციალური ქსელის მეშვეობით თ.ჩ-ს მისთვის საკუთარი ინტიმური ფოტოები გააგზავნინა და მათი გამჟღავნების მუქარით, 2018 წლის ივლისსა და აგვისტოს თვეში, სოციალური ქსელის და მობილური ტელეფონის საშუალებით დაზარალებულთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა. მუქარების და ზეწოლის ფონზე თ.ჩ. ფსიქიკურ ტანჯვას განიცდიდა, რის გამოც რამდენიმე სოციალურ ქსელში პირადი გვერდი გააუქმა, რომლებსაც მანამდე აქტიურად იყენებდა და მისი ყოველდღიური ცხოვრების წესს წარმოადგენდა.

სამართალდამცველებმა ნ.გ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2018 წლის 30 აგვისტოს ქ.რუსთავში დააკავეს. ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა) და 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება, ე.ი. პირთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს) წარუდგინა. ნ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.