სალომე ზურაბიშვილის შვილმა გრიგოლ ვაშაძის შვილი დებატებში გამოიწვია

მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შვილი, თეიმურაზ გორჯესტანი, „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შვილს, ნოდარ ვაშაძეს დებატებში იწვევს.

მისი თქმით, ამომრჩეველი უნდა იცნობდეს საპრეზიდენტო კანდიდატების ოჯახს.

როგორც თეიმურაზ გორჯესტანმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, მას აინტერესებს სად არის ნოდარ ვაშაძე.

„მე ერთი კითხვა მაქვს. მე აქ ვარ, სამ დღეში ქეთევანი პარიზიდან ჩამოდის, მე ლონდონიდან ჩამოვედი და კითხვა მაქვს, ნოდარ ვაშაძე სად არის? მოსკოვში? არ ვიცი, მაგრამ, ერთი შეთავაზება მაქვს. ჩვენ კითხვებს ვპასუხობთ, გამოვდივართ ტელევიზორში, რომ გაგვიცნოთ და იცოდეთ, როგორც ამომრჩევლებმა, თუ ვინ არის სალომე ზურაბიშვილის ოჯახი, ვინ არიან მისი შვილები. მე ვარ დაინტერესებული, ვინ არის გრიგოლ ვაშაძის უფროსი ვაჟი. თუ დათანხმდება, თუ ჩამოვა და იცის ქართული, მზად ვარ დებატებში გამოვიწვიო, სადაც გინდათ, როგორც გინდათ, მოვილაპარაკოთ. ეს არის ქართული ვაჟკაცობა, მოვილაპარაკოთ, რა არის საქართველო, ქართული კულტურა და ქართული ენა. მე მზად ვარ, როცა გინდათ, ბატონო ნოდარ!“ – მიმართა ნოდარ ვაშაძეს თეიმურაზ გორჯესტანმა.