სასამართლოში „სტამბოლის ბაზრობის“ დირექტორი დაიკითხა

რუსთავის სტამბოლის ბაზრობის ერთ ერთი მეწილის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას საქმის არსებით განხილვის დროს ბრალდების მხარის ერთ–ერთი მთავარი მოწმე დაიკითხა. ბაზრობის დირექტორმა მამუკა ცხოვრებაძემ სასამართლოს წინშე დეტალურად გაიხსენა მკვლელობის დღეს განვითარებული მოვლენები. როგორც ცხოვრებაძე განმარტავს მან იმ დღეს ბაზარში ჭანტურია ნახა.

„ექიმთან ვიყავი, ჩვენმა ფინანსურმა დირექტორმა დამირეკა და ბაზარში მივბრუნდი. უკანა კარიდან შევედი, სამზარეულოს ოთახი გავიარე და კაბინეტის კართან, რომ მივედი, იქვე ეყარა მასრები. მაგიდის კუთხესთან ფეხსაცმელი ჩანდა, ვერ ვიცანი ვინ იყო, „კურტკა“ ეცვა და მუხლამდე ჰქონდა ჩამოწეული, ეტყობა წაქცევისას ჯერ ჩაიმუხლა და ისე დაეცა”, – განაცხადა მამუკა ცხოვრებაძემ.

მისივე თქმით, როდესაც გარეთ გამოვიდა, ჭანტურია შეხვდა, რომელმაც ჰკითხა რა მოხდა და დეტალურად სურდა მომხდარზე ინფორმაციის მიღება. მეორე დღეს კი ერთ-ერთმა თანამშრომელმა უამბო, რომ ქუთათელაძე ნახა, რომელმაც ჭანტურიასთან ერთად გაიარა მის დახლთან და სამსონ ქუთათელაძე განერვიულებული მოეჩვენა.

სამსონ ქუთათელაძე, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე საკუთარ კაბინეტში 15 იანვარს ნახეს მოკლული. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. სისხლის სამართლის საქმე გიორგი ჭანტურიას მიმართ, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.