საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 16 დეკემბერს გაიმართება

საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისა და ფიცის დადების ცერემონია 16 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი ფიცს დებს არჩევიდან მესამე კვირა დღეს. არჩევის დღე კი კენჭისყრის დღეა.რადგან არჩევნების მეორე ტური შუა კვირაში, 28 ნოემბერს იმართება, პირველივე კვირა, 2 დეკემბერი ათვლის წერტილი იქნება, კონსტიტუციით განსაზღვრული მესამე კვირა კი, 16 დეკემბერს მოუწევს.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილია საარჩევნო უბნების 99.7 პროცენტი. აღნიშნული მონაცემებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში 59.56 პროცენტით იმარჯვებს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 40.44% აქვს.