სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცა

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის სისხლის სამართლის საქმე განსახილველად ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცა.

განჩინება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა გამოაცხადა.

“ბრალდებულმა მალხაზ კობაურმა საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია, რომ სურს მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ.

დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა კობაურის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, თუმცა, ვერ მოვისმინე ვერც ფაქტობრივი და ვერც სამართლებრივი არგუმენტები, ეს იყო ზოგადი განაცხადი”, – აღნიშნა მოსამართლემ.

ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში 2018 წლის 3 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.