შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.რ., 1994 წელს დაბადებული ბ.მ. და 1994 წელს დაბადებული ბ.ბ., ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 12 ნოემბერს, ღამით, თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ოთხმა პირმა ორ ტრანსგენდერს, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი მათგანი დააკავეს, მეოთხე პირის დაკავების მიზნით კი მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.
ორივე დაზარალებულს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე, ტარდება სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
გამოძიება ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მონიტორინგს ახორციელებს, რათა გამოძიება შემჭიდროებულ ვადებში, ყოველმხრივ და ობიექტურად წარიმართოს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.