მარნეულის კულტურის სახლის წინ მდებარე ტერიტორია ერთი დღით „ევროსოფლად“ გადაიქცა და თითოეულ სტუმარს,მთელი დღის განმავლობაში გასართობი აქტივობებით, ევროკავშირში მოგზაურობის შესაძლებლობა ჰქონდა.
სტუმრები ევროკავშირის ისტორიას გაეცნენ. ასევე, მიიღეს ინფორმაცია, თუ რა შესაძლებლობებს ქმნის ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის. მოეწყო სივრცეები ბავშვებისთვისაც, ჩატარდა გასართობი თამაშები და თამაშების მონაწილეებს პრიზები გადაეცათ.
ევროპის დღის ფარგლებში ევროკავშირის ელჩი საქართველოში ქვემო ქართლს სტუმრობდა. კარლ ჰარცელმა ქვემო ქართლის გუბერნატორთან და მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად ღონისძიებები ოფიციალურად გახსნა.
ასევე, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ის პროგრამები და პროექტები მოინახულა, რაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება ქვემო ქართლში.
ევროპის დღე ყოველ წელს აღინიშნება, 9 მაისის „შუმანის დეკლარაციის“ იუბილესთან დაკავშირებით. ამ დღეს, 1950 წელს, რობერტ შუმანმა (იმ დროისთვის საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა) გააჟღერა იდეა, რაც ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შექმნას გულისხმობდა. ქვანახშირისა და ფოლადის მარაგების გაერთიანების შედეგად გამოირიცხებოდა ევროპის ხალხთა შორის ომის და დაპირისპირების ალბათობა. ომის თავიდან აცილების მიზნით ქვეყნების გაერთიანებამ საფუძველი ჩაუყარა დღევანდელ ევროკავშირს. დღეს ევროკავშირი 28 სახელმწიფოს და 508 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს და უკვე 60 წელია ევროპაში მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტია.
წლევანდელი ღონისძიების თემაა „ჩვენი მრავალფეროვანი ევროპა“, რომელიც იმ განსხვავებული კულტურების ერთობას გამოხატავს, რომლებსაც ევროკავშირი და ზოგადად ევროპა აერთიანებს. აღნიშნული თემა მიესადაგება ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ წელს, რომელიც 2018 წელს აღინიშნება.