დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ თუ ვინმე შეეცდება დესტაბილიზაციის მოწყობას, ყველა ასეთ მცდელობას კანონის ძალით გაეცემა პასუხი.
ბახტაძის განცხადებით, ხელისუფლება არ დაუშვებს რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს და ამით საზოგადოების ცხოვრებაში არეულობის შეტანას.
„რა თქმა უნდა, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც კონსტიტუციით არის დაცული, მაგრამ ამავე დროს, თუ ვინმე შეეცდება დესტაბილიზაციის მოწყობას, ყველა ასეთ მცდელობას კანონის ძალით გაეცემა პასუხი. დაახლოებით, ორმა მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში გვყავს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოება, შესაბამისად, ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ლიდერების გამო საფრთხე დაემუქროს მათ. ჩვენ არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს. ჩვენ არ დავუშვებთ არეულობის და დისონანსის შემოტანის მცდელობას საზოგადოების ცხოვრებაში. სახელმწიფო დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და დაიცავს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას. არჩევნები დასრულდა და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს. ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ბევრი გამოწვევაა გადასალახი,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.