ძლიერი ხანძარი რუსთავში “სტამბოლის ბაზარში”-ცეცხლი ლოკალიზებულია

რუთავში ე.წ. “სტამბოლის ბაზარში” ხანძარი ლოკალიზებულია.

ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს-ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ხანძარი ბაზრის ტერიტორიაზე ე. წ ახალ ბაზარში დაახლოებით  ღამის  01:30 საათზე გაჩნდა .დამწვარია 900-დან 1000 კვ.მ. ფართობი. 

ადგილზე 18 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის მასშტაბურობიდან გამომდინარე საჭირო გახდა დამატებით თბილისიდან ეკიპაჟების მობილიზება. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებზე მეხანძრეები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ჯერ-ჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

მოვაჭრეების თქმით, ტერიტორიაზე ელექტროენერგია ღამის საათებში ითიშებოდა. 

არსებული ინფორმაციით, ხანძრის დროს ბაზარში მხოლოდ დარაჯი იმყოფებოდა, რომლის გაყვანაც შემთხვევის ადგილიდან მაშველებმა დროულად მოახერხეს. მას მძიმე ემოციური ფონი  და ინტოქსიკაციის სიმპტომები აღენიშნებოდა, რის გამოც მისი გადაყვანა მოხდა კლინიკა “რუსთავში” სადაც სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

ადგილზე ამ დრომდე რჩებიან მოვაჭრეები. ტერიტორია სამართალდამცველებმა შემოსაზღვრეს და შიგნით დაზარალებულები შესვლას ჯერ ჯერობით ვერ ახერხებენ, თუმცა მათი თქმით ზარალი საკმაოდ დიდია.

ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებიან. 

მოვაჭრეების ნაწილის ვერსიით ცეცხლი ხელოვნურად არის გაჩენილი. ნაწილს კი მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირს.