28 ნოემბრიდან შობის მარხვა იწყება

28 ნოემბრიდან შობის მარხვა იწყება.
კალენდრის მიხედვით შობის მარხვა უკანასკნელი მრავალდღიანი მარხვაა.

საშობაო მარხვა 40 დღე გაგრძელდება და 7 იანვარს, უფლის შობის დღესასწაულზე დასრულდება. მარხვა მორწმუნეებს უფლის შობის დღესასწაულისთვის ამზადებს.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, სულიწმინდის მადლით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური მიართვეს.