გიორგი მარგველაშვილმა გუშინ ჩატარებული არჩევნები შეაფასა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგი გამართა.
მისი თქმით, საქართველოში არჩევნები ამ სტანდარტით აღარ უნდა ჩატარდეს.

პრეზიდენტმა გუშინ ჩატარებული არჩევნები შეაფასა, იგი შეშფოთებულია დემოკრატიული ხარისხის მკვეთრი ვარდნის გამო. ასევე მისი თქმით, საქართველოში არჩევნები ამ სტანდარტით აღარ უნდა ჩატარდეს.

„გუშინდელ არჩევნებზე დაკვირვებით და სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასების ანალიზის საფუძველზე, მინდა შეშფოთება გამოვხატო მეორე ტურში დემოკრატიული ხარისხის მკვეთრი ვარდნის თაობაზე და ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ საქარველოში ასეთი არჩევნები მეტი აღარ უნდა ჩატარდეს ამ სტანდარტით“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

ასევე ქვეყნის პირველმა პირმა სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„ვულოცავ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. ვუსურვებ წარმატებას და აგრეთვე მინდა ვთქვა, რომ როგორც კი სალომე ზურაბიშვილი დაასახელებს პასუხისმგებელ პირს, ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ თანამშრომლობა, როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით საქმის გადაბარების საკითხზე, ასევე ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობაზე და დახმარებაზე. ღმერთმა დალოცოს ჩვენი საქართველო და გააძლიეროს ჩვენი პრეზიდენტი“.

ამასთან,მარგველაშვილმა მოსახლეობას არჩევნებში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს მოქალაქეებო, მადლობას გიხდით არჩევნებში აქტიური მონაწილეობისათვის. თქვენმა ასეთმა მაღალმა აქტიურობამ ნათლად აჩვენა, რომ თქვენთვის პრეზიდენტის არჩევა პრინციპული და მოქალაქეობრივი ვალის მოხდის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. მადლობა მინდა გადავუხადო სადამკვირვებლო მისიებს, რომლებმაც კომპეტენტურად და მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს თავიანთი საქმიანობა. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა მედიას, რომელიც ამ არჩევნებს ინტენსიურად და კვალიფიციურად აშუქებდა“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.