ვის გაუნულდება საბანკო დავალიანება-ფინანსთა მინისტრის განცხადება

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დავალიანების ჩამოწერის საკითხზე ისაუბრა.

როგორც მაჭავარიანმა განმარტა, დავალიანება ისეთ მოქალაქეებს გაუნულდება, ვინც ვალს 1 წლის განმავლობაში ვერ იხდიდა.

„მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს თქვა, რომ ჭარბვალიანობა შემაფერხებელი ფაქტორი იყო ეკონომიკის განვითარებისთვის და მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი სიღარიბის ნაწილში. დაახლოებით 700 ათას ადამიანამდე იყო ე.წ. შავ სიაში. ეს არის პრაქტიკულად საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის მესამედი, რომელიც გამოთიშული იყო ეკონომიკური საქმიანობიდან, არანაირი მოტივაცია არ ჰქონდათ, მოეძებნათ სამსახური. ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა უპასუხისმგებლო დაკრედიტებამ ანუ ყველა ტიპის საფინანსო ინსტიტუტი ძალიან იოლად და შეუმოწმებლად იძლეოდა კრედიტებს. იყო დიდი ჯარიმები, დიდი პროცენტი, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ იხდიდა და იმდენად დიდი იყო ჯარიმები და პროცენტები, რომ მაინც მომგებიანი საქმე იყო. პრემიერ-მინისტრობისას ბახტაძემ არაერთხელ თქვა, რომ ამ პრობლემას უნდა მიხედვა. ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამდით, თუ არა ფონდი „ქართუ”, რომელმაც სრულად გაიაზრა ამ პრობლემის სიმწვავე და როგორც ყოველთვის დაუდგა გვერდში ჩვენს ქვეყანას ამ პრობლემის გადასაჭრელად. ფონდი „ქართუსგან“ ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის აქტი. ეს 600 ათასი ადამიანი გამოიყო შემდეგი კრიტერიუმით, ვისაც ერთ წელზე ხანდაზმული ვალი აქვს, 2000 ლარამდე. ეს ზუსტად ის მოწყვლადი კატეგორიაა. ის უპასუხისმგებლო დაკრედიტება, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ არ ხდებოდა 10 და 20 და 100 ათასი ლარების გაცემით, ეს ხდებოდა ზუსტად 300, 500 და 1000 ლარის ფარგლებში. ზუსტად ამან გამოიწვია ჭარბვალიანობა,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ასევე ივანე მაჭავარიანის განცხადებით, დავალიანება არ ჩამოეწერებათ “ვივუსის” ე.წ შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს.

ვივუსთან არ შედგა მორიგება. რატომ არა, ეს „ვივუსს“ ჰკითხეთ. შეიძლება თანხაზე არ იყო შეთანხმება, შეიძლება რაიმე სხვა მოტივი ჰქონდა „ვივუსს“, არ ვიცი”, – განაცხადა მაჭავარიანმა.