ირაკლი კობახიძე საარჩევნო პროცესში სისხლის სამართლის დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრობს

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საარჩევნო პროცესში სისხლის სამართლის დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრობს და შს სამინისტროს რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

ამასთან, როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობა“ და ტელეკომპანია “რუსთავი 2“ ხელოვნურად აგრესიულ ფონს ქმნის და ამომრჩეველს საკუთარი ნების მშვიდად დაფიქსირების შესაძლებლობას არ აძლევს.

“როგორც ჩანს, აგრესიული ფონის შექმნის ერთ-ერთი მიზანი იმ კანონდარღვევების გადაფარვაა, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები სჩადიან. გვინდა ყურადღება რუსთავში გამოვლენილ კანონდარღვევებზე გავამახვილოთ, რასაც პრაქტიკულად სისტემური ხასიათი აქვს. კერძოდ, “ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ორმაგი მარკირებით ცდილობდნენ ხმის მიცემას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული – დანაშაულებრივი სქემა. დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ “ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების გვარები დაასახელა და შს სამინისტროს აღნიშნულ ფაქტებზე დაუყონებლივი რეაგირებისაკენ მოუწოდა.

„ვაფრთხილებთ ყველას, ვინც სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენს, ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.