სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დღეს ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული გიორგი ჭანტურიას სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა. სასამართლოს ჩვენება ბაზრობის იურისტმა ჭაბუკა ნოზაძემ და ბაზრობაზე დასაქმებულმა ნინო ნიკოლაშვილმა მისცა.

მოწმე ნინო ნიკოლაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებული გიორგი ჭანტურია, მკვლელობამდე და მკვლელობის შემდეგ, ბაზრობის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტანსაცმლით ნახა. პროკურატურა ნინო ნიკოლაშვილის ჩვენებას განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

“ერთ-ერთმა მოწმემ დაადასტურა, რომ მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ნახა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე, მას ბრალდებული მისი ჩაცმულობით დაამახსოვრდა. რამდენიმე ხანში, როცა საჯაროდ გახდა ცნობილი სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის შესახებ, კვლავ ნახა ბრალდებული, ოღონდ მას სხვა ტანსაცმელი ეცვა”, – განაცხადა პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ.

გიორგი ჭანტურიას ადვოკატი აღნიშნული მოწმის ჩვენებას საეჭვოდ მიიჩნევს. ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ პროკურატურა შინაგან საქმეთა სამინისტროს მცდარ ვერსიას მიჰყვება.

„ამ მოწმის ჩვენება არის საეჭვო, რადგან ზამთარში, 15 იანვარს, გაუკვირდა „მანტოში“ ჩაცმული ადამიანი, გაუკვირდა, რომ ქუდი ეხურა, რომელიც აჩქარებული ნაბიჯით მიდიოდა, გვერდით ჩაუარა, სახეშიც არ შეჩეხებია და ამბობს ვიცანიო. თან უნდათ გამოკვეთონ, რომ ჭანტურიას საეჭვოდ ეცვა და სახეს მალავდაო. დღესვე კომპანიის იურისტმა დაადასტურა, რომ როგორც წინა, ისე ოფისის უკანა კარი იყო ღია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო შესულიყო. ბრალდების მხარე სრულიად მცდარად მიყვება შსს-ს ვერსიას, რომ ჭანტურიასგან გამოიყვანონ დამნაშავე, რაც თითიდან გამოწოვილია და ვერანაირად ცრუ მოწმეებით ვერ გამართლდება, ეს ცრუ ბრალდება”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.