ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე დედა-შვილს ეძებენ

ზემო ფონიჭალაში მდებარე იმ კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, სპეციალური ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს. აღნიშნული ტექნიკით მოხდება იმ ფილის აწევა, სადაც შესაძლოა, აფეთქების შედეგად დაკარგული დედა-შვილი იმყოფებიან.

„ამ დროისთვის მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება, რითაც მოხდება ფილის აწევა და გამოჩნდება რა სურათი გვაქვს. ვერ ვადასტურებთ, რომ ეს ადამიანები არიან ფილის ქვეშ, მაგრამ მათი პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა“, – განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ.

მისივე თქმით, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვა, რამაც გამოიწვია აფეთქება.

„მესამე სართულზე ამ დროისთვის იმყოფებოდნენ მშობლები და მცირეწლოვანი შვილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ. აფეთქების შედეგად, სამშენებლო ფილა ჩამოვარდა მეორე სართულზე, სადაც იმყოფებოდა დედა და მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც ამ ეტაპზე ნაპოვნები არ არიან. დროულად გამოცხადდა საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური. მოხდა კორპუსში მცხოვრებლების ევაკუაცია, შემოსაზღვრულია პერიმეტრი. ამ დროისთვის მიმდინარეობს ძებნითი სამუშაოები და საგამოძიებო მოქმედებები“, – აღნიშნა კუპატაძემ.