ბოლნისის მერია ორგანიზაცია “ფლანგვის დეტექტორის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადება მუნიციპალიტეტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“გვინდა გამოვეხმაუროთ არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორი -ს მიერ გავრცელებულ მასალას, რომელიც მისივე განმარტებით, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშზე დაყრდნობით, ბოლნისის მერიას სარიტუალო დარბაზებისთვის 101 ათასი ლარის არამიზნობრივად ხარჯვაში ადანაშაულებს.
გვინდა პირველ რიგში განვმარტოთ, რომ სახელმწიფო აუდტმა ანგარიშში მუნიციპალიტეტს მხოლოდ და მხოლოდ მისცა რეკომენდაცია, საკუთარი სახსრების მობილიზების ხარჯზე, მაქსიმალურად მალე მომხდარიყო რიტუალების სახლების დასრულება.
აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ წინა ხელისუფლების დროს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი მცირე თანხების გამო, მოსახლეობის მიერ მოთხოვნილი პროექტები ხორციელდებოდა ეტაპობრივად, რამდენიმე წლის განმავლობაში. სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში მოხერხდა, სხვადასხვა სოფელში, ათეულობით დაწყებული რიტუალების სახლის დასრულება. 2018 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მათი ნაწილი სრულად დამთავრდა. სოფელ ძეძვნარიანში რიტუალების სახლის სარეაბილიტაციო სამუშოები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. უკვე დასრულდა აკაურთის, სამწევრისის, ზემო ბოლნისისა და ჭაპალას სარიტუალო სახლები. სოფელების: ვანათისა და ზემო არქევანის რიტუალების სახლების პროექტი სატენდეროდ მზად არის და უახლოეს პერიოდში აიტვირთება სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე. სამშენებლო სამუშოები კი 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორი -ს მიერ მომზადებული მასალა გადამოწმების გარეშე საკუთარ გვერდზე გადააზიარა ტაბულა • Tabula -მაც. ბოლო პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა მედია საშუალებით მიზანმიმართულად ხორციელდება არასწორი და დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელება, რაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანასა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის დისკრედიტაციას ემსახურება.
მივმართავთ მათ, დაიცვან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები, ნუ მოახდენენ ფაქტების განზრახ დამახინჯებას, პატივი სცენ სიმართლეს და საზოგადოების უფლებას- მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.”