“გაჩიანის სასაფლაოზე მოწყობილ ნარკობაზრობას მაღალჩინოსნები აკითხავენ”-ადგილობრივებმა პარლამენტარი ამოიცნეს

ქვემო ქართლში, გაჩიანში, სადაც ნარკოტიკული საშუალების რელიზების ბოლო შემთხვევა სამი ადამიანის დაჭრით დასრულდა, მოსახლეობამ გზა გადაკეტა. ადგილობრივებმა სავალი ნაწილი მანქანებით ჩახერგეს.

ისინი ორი დაკავებული თანასოფლელის გათავისუფლებას ითხოვენ. მოსახლეობა ასევე აცხადებს, რომ გაჩიანის სასაფლაოზე ნარკოტიკული საშუალებები იყიდება და მომხმარებლები წამალს იქვე მოიხმარენ.

ადგილობრივები ითხოვენ, რომ გაჩიანის სასაფლაოზე ნარკოტიკების რეალიზება შეწყდეს. ისინი სამართალდამცველებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მათ რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ამასგარდა ადგილობრივები სკანდალურ განცხადებას აკეთებენ.

ირკვევა, რომ სასაფლაოზე დამალული ნარკოტიკის მოსაძებნად რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი პარლამენტარიც იმყოფებოდა. თუმცა ფაქტზე დაჭერილი გავლენიანი პირი პოლიციამ ზედმეტი კითხვების გარეშე გაუშვა. ამ მაღალჩინოსნის ზუსტი ვინაობა გაჩიანელებმა არ იციან, თუმცა დაინახეს, რომ მან სამართალდამცველებს თავისი მანდატი წარუდგინა, ხაზი გაუსვა რომ ხელშეუხებლობის იმუნიტეტით სარგებლობს და ტერიტორია მშვიდად დატოვა.

ადგილობრივების თქმით ფაქტი 5 დღის წინ, ღამის 2 საათზე მოხდა. დეპუტატმა მიწაში დამალული ნარკოტიკი ამოიღო, სწორედ ამ დროს გამოიძახეს მათ პოლიცია.

“ეს ჩვენთვის წმინდა ადგილია. უკვე ათი დღეა ვებრძვით. ერთ დღეს ვიჭერთ და პოლიციას ვაბარებთ. იგივე ხალხი მეორე დღეს ისევ მოდის აქ. ერთ-ერთმა მოწმობა მაჩვენა და მითხრა, რომ პარლამენტში მუშაობს. პოლიციაც მოვიდა და თქვა რომ პარლამენტში მუშაობენ. ამიტომ გაუშვეს. რა უნდოდა აქ ღამით? თან ქალიც ახლდა,“-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მოსახლეობა ამბობს, რომ სასაფლაოს ღობეც შემოავლეს, თუმცა მალევე ის მოიპარეს.

ქვემო ქართლში, გაჩიანში წამლის რეალიზების ბოლო შემთხვევა სამი ადამიანის დაჭრით დასრულდა. სავარაუდოდ ერთმანეთს, რეალიზატორებმა და მომხმარებელმა ესროლეს. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით დაშავებულები რუსთავის საავადმყოფოში მოათავსეს. ერთ-ერთი მცხოვრების თქმით, ჩხუბის დროს პოლიციაც იმყოფებოდა.

წყარო: rustavi2.ge