გრიპის ვირუსით 53 წლის ქალი გარდაიცვალა

აჭარაში გრიპის ვირუსით 53 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჟურნალისტებს განუცხადეს, 53 წლის ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

„პაციენტი საავადმყოფოში 17 დეკემბერს შემოიყვანეს. მას გრიპის გართულებული ფორმა ჰქონდა, ამიტომ სასწრაფოდ რეანიმაციულ განყოფილებაში მოვათავსეთ. სამწუხაროდ, დღეს გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით “ა“ ტიპის ვირუსი დაუდგინდა, თუმცა დამატებით კვლევები ლაბორატორიაში მიმდინარეობს”,- განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ გია კიკაბიძემ.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისათვის აჭარაში გრიპის H1N1 ვირუსის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.