შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი გურამ დონაძე, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
რამდენიმე წუთის წინ, ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ სცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვით ვადით პატიმრობა მიესაჯა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.
დავით იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით 3 თვის ვადით პატიმრობა და თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით.
ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წლით და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თანამდებობის დაკავება კი 2 წლით და 3 თვის ვადით აეკრძალა.
ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვის ვადით. 2 წლით და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანადებობის დაკავების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა.
ჟურნალისტების თქმით, დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ამ დროისთვის გაურკვეველი ნივთი ისროლა, რომელიც საქმის პროკურორ დავით მეფარიძეს თავში მოხვდა. ამ წუთებში დარბაზში ექიმია მიყვანილი.
ამასთან, ერთ-ერთ ბრალდებულ ზაზა ბაქრაძეს, რომელიც სასამართლომ სხვა პირების მსგავსად დამნაშავედ ცნო, თუმცა მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება, დაკავებულების ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ. ხმაური დარბაზში ამ წუთებშიც გრძელდება.