გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან დავით კირკიტაძის მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს მიმართავენ და სთხოვენ, უკანონობას ნუ დაიცავენ.
„ვის იცავთ პოლიციელებო? ქვეყანა გაქვთ დასაცავი. პატრიოტებისგან იცავთ ამ ქვეყანას? პუტინის მონა ივანიშვილისგან დაიცავით ეს ქვეყანა“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის დაკავებული წევრის დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გურჯანიის რაიონული სასამართლო დღეს, 10:30 საათზე იმსჯელებს.
არსებული ინფორმაციით, პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. იმ შემთხვევაში, თუკი, სასამართლო კირკიტაძეს პატიმრობაში დატოვებს, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები აქციების გამართვას გეგმავენ.
დავით კირკიტაძე ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს.