დავით კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნით ხვალ ოპოზიცია აქციას გამართავს

გაერთიანებული ოპოზიცია ხვალ გურჯაანის სასამართლოსთან აქციას გამართავს. როგორც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, აქციის მონაწილეების მოთხოვნა კირკიტაძის გათავისუფლება იქნება.

“ხვალ მართვის ცენტრი გადაგვაქვს გურჯაანში, სადაც გაიმართება კირკიტაძის სასამართლო პროცესი. ყველანი ვიქნებით იქ. ჩვენს ყველა მხარდამჭერს შეუძლია შემოგვიერთდეს გურჯაანის სასამართლოსთან, სადაც ჩვენს პოზიციებს გამოვხატავთ. იმის გამო, რომ არ ვიცით კონკრეტულად როდის იქნება პროცესი, ხვალ დილიდან შევიკრიბებით გურჯაანის სასამართლოსთან და ვიქნებით მანამ, სანამ პროცესი არ ჩატარდება. ვითხოვთ მარტივ რამეს – დავით კირკიტაძე უნდა გათავისუფლდეს, რადგან ისაა აბსოლუტურად უკანონო პატიმარი და პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა მაღალჩინოსანი, რომელიც კანონს არღვევდა ველისციხეში”, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, კანონგარეშე ქმედებას არ დაუშვებენ და მშვიდობიანი აქცია იქნება. “ასეთი ტიპის აქციები, რაც ხვალ გურჯაანში გვაქვს, იქნება სხვადასხვა ქალაქშიც, იმის მიხედვით, თუ რა პროცესი იქნება ქვეყანაში. ხვალ გელოდებით გურჯაანში”, – განაცხადა ვაშაძემ.