ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ნიკოლოზობის დღესასწაულს – წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს მოქმედ ყველა ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება.
წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მცირე აზიაში, კერძოდ კი ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები — თეოფანე და ნონა — დიდი ხანი ელოდნენ ვაჟის დაბადებას, ღვთის ვედრებაში ატარებდნენ დღეებს. მერე აღთქმა დადეს, თუ მემკვიდრე შეეძინებოდათ, უფალს შესწირავდნენ და ღვთისმსახურად აღზრდიდნენ. მათ, მართლაც, ვაჟი შეეძინათ, სახელად ნიკოლოზი დაარქვეს. ასწაულთმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოამჟღავა.წმინდა ნიკოლოზი 342 წლის 6 დეკემბერს ღრმად მოხუცებული, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სხეული ქალაქის საკათედრო ტაძარში საზეიმოდ დაკრძალეს. მისი უხრწნელი ნაწილები კი, კეთილსურნელებას და მირონს გამოსცემდნენ. წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული.
ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთ მფარველად ითვლება.