ხვალიდან რუსთავი თბილისის მიმართულებით მგზავრობის ტარიფი 2 ლარი გახდება.
ამის შესახებ ტვ4-ს რუსთავი თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლმა, ალეკო კოკაიამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, გუშინ მძღოლებს გვიანობამდე ჰქონდათ კონსულტაციები რუსთავის მერიაში, რის შემდეგაც მძღოლებმა ტარიფის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. ინფორმაციას მგზავრობის საფასურის ცვლილებასთან დაკავშირებით რუსთავი თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანებზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “ინტერტრანსში” არ ადასტურებენ.
რაც შეეხება მგზავრობის ფასში ცვლილებების პროცედურებს. როგორც ცნობილია, იმისთვის რომ კომპანიამ მგზავრობის ტარიფი გაზარდოს რუსთავის საკრებულოს თანხმობა არის აუცილებელი. აღნიშნულთან დაკავშირებით კი საკრებულოს არ უმსჯელია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი მგზავრობის ტარიფი შეიცვლება ეს მხოლოდ მძღოლების და კომპანიის თვითნებური გადაწყვეტილება იქნება.