რუსთავის #2 საჯარო სკოლის დაარსებიდან 70 წელი გავიდა. სკოლის იუბილე ღონისძიებებით აღინიშნა. მეორე სკოლა წლების განმავლობაში შოთა რუსთაველის სახელს ატარებდა, დღეს სიმბოლურად სასწავლო დაწესებულების ეზოში შოთა რუსთაველის ბიუსტი გაიხსნა.აღსანიშნავია ისიც,რომ მეორე სკოლა წელს შოთა რუსთაველის სახელს დაიბრუნებს, ინიცირებას რუსთავის საკრებულომ მხარი უკვე დაუჭირა.
საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში სკოლაში ხელნაწერი ვეფხისტყაოსანის შექმნაში მონაწილეობა მიწვეულმა სტუმრებმა მიიღეს. სკოლის მოსწავლეებმა კი დამსწრე საზოგადოებას შოთა რუსთაველისა და ვეფხისტყაოსნის თემაზე მოკლე სპექტაკლი წარუდგინეს. რის შემდეგაც, ღონისძიებები სასწავლო დაწესებულების დარბაზში გაგრძელდა. ნაჩვენები იქნა სკოლის ისტორიის ამსახველი ფრაგმენტების ვიდეო კოლაჟი.
საიუბილეო ღონისძიებას პედაგოგები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილი ადამიანები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
რუსთავის მეორე საჯარო სკოლა რუსთავში პირველი ქართულენოვანი სკოლაა, სასწავლო დაწესებულება 1948 წელს გაიხსნა და მოსწავლეებს რვა კლასის განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.
ვრცელი სიუჟეტი ნახეთ ორშაბათს ქრონიკის მთავარ გამოშვებაში.