რუსთავში წინასაახალწლო დღეებში საახალწლო სოფელი მოეწყობა. საახალწლო ბაზრობა ლეონიძის სკვერში გაიხსნება და 29 დეკემბრიდან, სამი დღის განმავლობაში, 16:00 საათიდან 20:00 საათამდე პატარებისთვის გასართობი ღონისძიებები, საჩუქრები, ტკბილეული, თეატრალური წარმოდგენები და კონცერტები მოეწყობა. წინასაახალწლო დღეებში სოფელს სანტა კლაუსიც ეწვევა.
წელს რუსთავის მერიის გადაწყვეტილებით, საახალწლო ღონისძიებების მთავარი ეპიცენტრი ლეონიძის სკვერი იქნება. დასკვნითი საახალწლო კონცერტიც სწორედ ლეონიძის ქუჩაზე ჩატარდება. გალა კონცერტში მონაწილეობას ცნობილი ქართული ბენდები მიიღებენ. დასკვნით ღონისძიებაზე გამოვა რუსთაველი ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებულად საყვარელი რეგის ვარსკვლავი ლაშა ნოზაძე და ჯგუფი „რეგიონი“.
კონცერტი 22:00 საათზე გრანდიოზული საახალწლო ფოიერვერკით დასრულდება.
საახალწლო დღეებში ღონისძიებები იგეგმება რუსთავის თეატრშიც.
რაც შეეხება ბიუჯეტს წელს საახალწლო ილუმინაციების, განათებებისა და კონცერტების მოსაწყობად საერთო ჯამში 198 ათასი ლარი დაიხარჯება. უშუალოდ საახალწლო ღონიძიებების ორგანიზებასა და საჩუქრების შეძენისთვის კი დაახლოებით 80 ათასი ლარი იქნება მიმართული.