რუსთავში უფასო სასადილოებში კვებას კომპანია “ალიონი” უზრუნველყოფს

რუსთავის უფასო სასადილოებში კვების მომსახურებას მომავალ წელსაც კომპანია „ალიონი“ უზრუნველყოფს.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2019 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კვებით უზრუნველყოფის მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “ალიონთან” ორშაბათიდან ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები დაიწყება.  სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ უფასო სასადილოების კვებით უზრუნველყოფას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ალიონი“ 1 მილიონ 333 ათას ლარად უზრუნველყოფს.

ცნობილია, რომ მომავალ წელს უფასო სასადილოებში ბენეფიციართა რაოდენობა იზრდება, თუკი წელს უფასო კვების მომსახურებას რუსთავში 1800 ადამიანი იღებდა, 2019  წელს ეს რიცხვი 100–ით  გაიზრდება.

ქრონიკის ინფორმაციით, თითეული ბენეფიციარის კვება ადგილობრივ ბიუჯეტს 1 ლარი 53 თეთრი დაუჯდება. რიცხვი მიმდინარე წელს  1 ლარსა და 42 თეთრს შეადგენდა.

რუსთავში ამჟამად 4 უფასო სასადილო მუშაობს.