საგანგებო სიტუაციების სამსახური პიროტენიკის გამოყენებასთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელმწიფო ზედამხედველობის დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა ირაკლი ჯანგებაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საახალწლოდ პიროტექნიკის გამოყენების დროს შესაძლო საფრთხეებზე ისაუბრა და მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აუცილებელია პიროტექნიკურ ნაწარმზე არსებული ინფორმაციის შესაბამისად მოახდინონ ბავშვების ინფორმირებაც, რაც პიროტექნიკით მოზარდების დაზიანების შემთხვევებს შეამცირებს.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხრიდან ყველა დახლთან მისვლა და თითოეული პიროტექნიკის შემოწმება ფიზიკურად შეუძლებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მივესალმები საკანონმდებლო ორგანოს ინიციატივას, რომლიც უკვე კანონად იქცა და რომლითაც პიროქტნიკის მცირეწლოვან ბავშვებზე მიყიდვა იკრძალება. ეს ქმედება ჯარიმით ისჯება. ეს პრევენციაა. რეალიზატორი პასუხისმგებელია მოახდინოს პიროტექნიკის გადარჩევა. ვიცით, რომ პიროტექნიკა უცხოეთიდან შემოდის. აუცილებელია, კონტროლი განხორციელდეს საბაჟოზე. შემოტანის დროს მოხდეს დოკუმენტაციის შემოწმება, თუ როდის დამზადდა. მასზე უნდა იყოს აღნიშნული შენახვის პირობები. ასევე, ტრანსპორტირების პირობები. დაზიანებული საქონელი კი მოვაჭრემ რეალიზაციაში არ უნდა გაუშვას“, – განაცხადა ჯანგებაშვილმა.

ჯანგებაშვილის თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხრიდან საახალწლო და სხვა სადღესასწაულო დღეებში უსაფრთხოების წესები დამატებით მკაცრდება. სახანძრო უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე მოწმდება ის ობიექტები, სადაც მასობრივი ღონისძიებები იმართება. ძირითადი აქცენტი კეთდება საბავშვო ბაღებსა და სკოლებზე, სადაც, წლის ბოლოს, საახალწლო ნაძვის ხესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები იმართება.