„საქართველოში აივ ინფექციით დაახლოებით 10 500 ადამიანია დაავადებული, მაგრამ გამოვლენილია და იცის თავისი სტატუსი 7 380-მა ადამიანმა,“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ შიდსთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებით, 1988 წლიდან 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის დღე აღინიშნება.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 30 წლის წინ დაწესდა ეს დღე და ყოველწლიურად აღინიშნება მთელ მსოფლიოში. ღონისძიების ძირითადი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას აივ ინფექცია/შიდსის შესახებ. მოგეხსენებათ, ეს დაავადება გლობალური პრობლემაა მთელ მსოფლიოში, რომლითაც დღესაც დაინფიცირებულია 36-37 მილიონამდე ადამიანი, თუმცა მათგან უკვე 20 მილიონი გადის მკურნალობას. ეს დაავადება კარგა ხანია გახდა კონტროლირებადი, ანუ თუ მკურნალობ და იღებ მედიკამენტებს, მაშინ ცოცხლობ იმდენხანს, რაც ღმერთმა დაგიწესათ.
ჩვენთან ინფიცირებულია დაახლოებით 10 500 ადამიანი, მაგრამ გამოვლენილია და იცის თავისი სტატუსი 7 380-მა ადამიანმა. ანუ დაახლოებით 3000 ადამიანია ქვეყანაში, რომელიც არ არის დიაგნოსტირებული. აქედან გამომდინარე, 2018 წლის შიდსის მსოფლიო დღის დევიზია: „გაიგე შენი აივ სტატუსი!“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.