ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა გადაზიდვის ბრალდებით ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ირანის ორი მოქალაქე დააკავეს.
სამართალდამცველებმა ორივე დაკავებულისგან ნივთმტკიცებად რვა შეკვრად დაფასოებული, ნახევარ კილომდე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს, რომელზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა ნარკოტიკი ირანიდან უკანონოდ შემოიტანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ საერთო ჯამში სამ კილოგრამზე მეტი კოკაინის და ნახევარ კილომდე ჰეროინის უკანონო შემოტანის ფაქტი აღკვეთა. ირანის მოქალაქეების გარდა დაკავებულია პორტუგალიის მოქალაქე, რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ქვეყანაში შემოჰქონდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ეჭვმიტანილი საქართველოში ბრაზილიიდან ჩამოფრინდა. სამართალდამცველებმა, მისი ბარგის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 3 კილო და 100 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ამოიღეს. ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე და 262-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.