ძლიერმა ქარმა რეგიონებში პრობლემები შექმნა (+ფოტო)

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა რეგიონებში. სამეგრელოს რეგიონში ძლიერმა ქარმა კომპაქტურად დასახლებული დევნილების საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა.
ასევე, ქარმა რამდენიმე ხე წააქცია ანაკლიაში. მთლიანად რეგიონში რთული სიტუაციაა. ფოთის რამდენიმე საბავშვო ბაღში ინვენტარი დაზიანებულია.
ელექტროენერგია მოსახლეობას შეზღუდვით მიეწოდება.

ფოთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსებს, კერძო სახლებსა და ადმინისტრაციულ შენობებს სახურავი გადახადა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ჩამსხვრეულია მინები, წაქცეულია ხეები, დაზიანებული ელექტროსადენები. აბონენტთა ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. „ენერგო პრო ჯორჯიას” ბრიგადები ადგილზე მუშაობა აგრძელებენ.

ქალაქის მერის გოჩა კურდღელიას ინფორმაციით, სტიქიის გამო მერიის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მისივე თქმით, მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია დაითვლის და დაზარალებულ მოსახლეობას გაეწევა დახმარება.

ქუთაისში ადგილობრივმა მთავრობამ შექმნა კომისია, რომელიც სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს თვლის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსმა ჯონი არაბიძემ განუცხადა, პირველ რიგში მთავრობა მოსახლეობას დაეხმარება, რათა დროულად მოხდეს მათი საცხოვრებელი სახლების გადახურვა.

„ჩვენ სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ვითვლით, თუმცა პარალელურად სწრაფად დავიწყებთ მოსახლეობის დახმარებას. სახურავის გარეშეა დარჩენილი 200- მდე სახლი. ე.წ. ამხანაგობის კორპუსებს ჩვენივე ძალებით გადავხურავთ, ხოლო კერძო სექტორში დაუყოვნებლივ შევიტანთ სპეციალურ მასალებს“, – განაცხადა ჯონი არაბიძემ.