გარდაცვლილი მოზარდის ემილ ისმაილოვის ოჯახის წევრებმა და თანასოფლელებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში საპროტესტო აქცია გამართეს. ოჯახის წევრები 16 წლის ბიჭის გარდაცვალებაში რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ბიჭი მამასთან ერთად 3 ნოემბერს ქორწილში იყო და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მხრის მოტეხილობა მიიღო. საავადმყოფოში ბავშვი მამამ მიიყვანა, ოპერაცია ჩაუტარდა, რამდენიმე საათში კი გარდაიცვალა.
ისმაილოვის ოჯახის წევრების მტკიცებით, ოპერაციის დროს ექიმებმა შეცდომა დაუშვეს, რაც ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი გახდა. აქციის მონაწილეები გამოძიების დროულად დასრულებას და დამნაშავის დასჯას მოითხოვენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ელოდებიან ექსპერტიზის პასუხს, რომელმაც უნდა დაადგინოს ისმაილოვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი და შემდეგ ექსპერტიზის პასუხის შესაბამისად იმოქმედებს გამოძიება.
TV-4 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ოფიციალური კომენტარის მოპოვებასაც ცდილობს.