20 წლის სამხედრო მოსამსახურეს განმეორებითი ოპერაცია ჩაუტარდება

20 წლის სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა და ის რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ გაყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ექიმების თქმით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

29 დეკემბერს, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ცეცხლსასროლი იარაღით მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი მიიყვანეს. ახალგაზრდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ახალწვეულმა სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა.

„29 დეკემბერს, დაახლოებით 18:03 საათზე ხაჩატურ მანკასარიანმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების, კერძოდ, მე-17 პენიტენციური დაწესებულების სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ეცნობა მანკასარიანის ოჯახს. ასევე ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომლის შედეგადაც უნდა დადგინდეს სუიციდის მცდელობაა მომხდარი, თუ მანკასარიანმა თვითდაზიანება გაუფრთხილებლობით მიიყენა.

1998 წელს დაბადებული ხაჩატურ მანკასარიანი, მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. მანკასარიანი სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის სამმართველოს მე-17 განყოფილებაში 23 ოქტომბრიდან მსახურობს“, – აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.