რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ადასტურებენ, რომ ქარხანამ შესაძლოა იანვრიდან მუშაობა შეაჩეროს, თუმცა ოფიციალურ განცხადებას საწარმოში ჯერ ჯერობით არ აკეთებენ.
ჩვენი ინფორმაციით, პირველი ღუმელი ქარხანაში ერთ კვირაში გაჩერდება, მეორე კი იანვრის დასაწყისში და სრულად მუშაობას ერთ–ერთი მსხვილი საწარმო სავარაუდოდ 15 იანვარს შეწყვეტს და სამუშაო ადგილს მეტალურგიაში 2000 ადამიანი დაკარგავს.
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გაჩერების მიზეზად ირანიდან არმატურის დემპინგურ ფასად შემოტანა სახელდება, რაზეც კომპანიის მენეჯმენტი ტვ4–თან ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ საუბრობდა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ „რუსთავის ფოლადის“ მიერ ბაზრის დაცვის მექანიზმების არსებობის აუცილებლობაზე საუბრის შემდეგ დაიწყო პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღებაზე აქტიურად მსჯელობა.
როგორც ცნობილია, კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2 წლის წინ მოამზადა, მაგრამ დოკუმენტის პარლამენტში ინიცირება, ჯერჯერობით, არ მომხდარა.