იმამკულიევსა და საკრებულოს წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა

საკრებულოს სხდომაზე,სადაც მარნეულის 2019 წლის ბიუჯეტს წარადგენდნენ, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ახმედ იმამკულიევმა, მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს ვუგარ მამედოვს ჰკითა იყო თუ არა ბიუჯეტში მოსახლეობის რეკომენდაციები გათვალისწინებული.

რაზეც ვუგარ მამედოვმა იმამკულიევს უპასუხა, რომ მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტის საჯარო განხილვა ჩაატარა. იმამკულიევმა კი თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2019 წლის ბიუჯეტი კაბინეტებში მიიღო.

ამ რეპლიკამ საკრებულოს თავმჯდომარის ამირან გიორგაძისა და მისი მოადგილის მამუკა ნავერიანის გაღიზიანება გამოიწვია.

ნავერიანმა დეპუტატს უთხრა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობიდანაა“ და ხალხი მათ აღარ უსმენს.

იმამკულიევის განცხადებას ასევე გამოეხმაურა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ნინო ბერიძე. ბერიძემ მას შეახსენა, რომ ბიუჯეტის განხილვების დროს იმამკულიევი ამერიკაში იმყოფებოდა და მისივე თქმით, საჯარო განხილვები ყველა სამართლებრივი ფორმის დაცვით ჩატარდა. მაგალითისთვის ბერიძემ აღნიშნა, რომ საიტზე აიტვირთა ყველა შესაბამისი საბუთი და მოსახლეობას მათთვის ჰქონდა შენიშვნების მიწოდების საშუალება.

იმამკულიევმა ბერიძეს უპასუხა, რომ მარნეულის მოსახლეობის უმეტესობა სახელმწიფო ენას არ ფლობს და ისინი ბიუჯეტის პროექტს ვერ წაიკითხავდნენ.

საკრებულოს თავმჯდომარემ იმამკულიევს უთხრა, რომ ის „მტკივნეულ თემას“ ეხებოდა და უნდა გაჩუმებულიყო.
მოვლენების შემდეგ იმამკუკიევმა საკრებულოს სხდომის დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.