არა გაზრდილ ტარიფს–რუსთავის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები რუსთავი–თბილისის მიმართულებით, კომპანია ინტერტრანსის მიერ მგზავრობის საფასურის 2 ლარამდე გაზრდას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა დაუბრუნდეს ტარიფი 1.50 თეთრიან ნიშნულს. გარდა ამისა აქციის მონაწილეები ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ინტერტრანსისგან“ ითხოვენ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა შეასრულოს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვენ კომპანიის მიმართ მუდმივი მონიტორინგი განახორციელოს. აქცია გაზრდილი ფასების წინააღმდეგ უკვე მეორედ ტარდება. მგზავრობის საფასური დედაქალაქამდე ერთი კვირის წინ გაიზარდა. მძღოლებმა და კომპანიამ ტარიფი რუსთავის მერიასა და საკრებულოსგან ნებართვის გარეშე გაზარდა. საკრებულოს დადგენილებით კომპანია ვალდებულია დედაქალაქამდე მგზავრების გადაყვანა 1.50 თეთრად უზრუნველყოს. „ინტერტრანსი“ ტარიფის თვითნებური ცვლილების გამო დაჯარიმდა, მიუხედავად ამისა ამ დრომდე მოსახლეობას მგზავრობაში 2 ლარის გადახდა უწევს.









