ნინო თანდილაშვილი GIZ – ის პროექტის ხელმძღვანელს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „ინტეგრირებული კლიმატის ცვლილების პოლიტიკა“ ხელმძღვანელს ტანგმარ მარმონს შეხვდა.

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით, მადლობას ვუხდი გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტროს ხანგრძლივი და მრავალმხრივი თანამშრომლობისთვის კლიმატის ცვლილების სფეროში. დღეისათვის, კლიმატის ცვლილების პროგრამული პორტფელი აერთიანებს ოთხ პროექტს, მათ შორისაა, „ინტეგრირებული კლიმატის ცვლილების პოლიტიკა“, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების პოლიტიკის განხორციელებისას მუნიციპალიტეტების როლის გაძლიერებას“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამინისტროსთვის, როგორც მერების შეთანხმების კოორდინატორი უწყებისთვის, არსებითად მნიშვნელოვანია ობიექტური ინფორმაციის არსებობა თუ რა გამოწვევების წინაშე არიან მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტები კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელებისას.

აღსანიშნავია თვითმმართველი ქალაქების მონდომება, ხელი შეუწყონ სუფთა ტექნოლოგიების გავრცელებას ქალაქებში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში.

ქალაქი რუსთავი ერთ-ერთი პირველია, ვინც მერების შეთანხმებას შეუერთდა და ასევე პირველმა მოიპოვა სადემონსტრაციო პროექტის განხორცილების უფლება, რომლის ფარგლებშიც განიხილება ინიციატივა ქალაქში ველოტრანსპორტის, როგორც გადაადგილების ალტერნატული საშუალების განვითარება.

როგორც შეხვედრაზე პროექტის „ინტეგრირებული კლიმატის ცვლილების პოლიტიკა“ ხელმძღვანელმა, ტანგმარ მარმონმა განცხადა, თვალსაჩინოა საქართველოს აქტიურობა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.