რუსთავის მერი მგზავრობის ტარიფთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს

 

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა რუსთავი – თბილისის მიმართულებით მძღოლებისა და კომპანიის მიერ მგზავრობის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით განცხადებას კიდევ ერთხელ აკეთებს.  ირაკლი ტაბაღუას თქმით, კომპანიის მიერ მგზავრობის ღირებულების ცვლილება თვითნებურად მოხდა და ეს კანონდარღვევაა.

“ტარიფი 1.50 თეთრი საკრებულოს დადგენილების შესაბამისად არის განსაზღვრული და შესაბამისად, როდესაც მეტს ითხოვს თვითნებურად მძღოლი ან კომპანია  არანაირ შესაბამისობაში არ მოდის. როდესაც, ეს ინფორმაცია შემოვიდა შესაბამისმა სამსახურმა ჩაატარა მონიტორინგი და თითოეულ ლოტზე, სადაც მოხდა მგზავრობის საფასურის გაზრდა დაიწერა სანქციები. გარდა ამისა, ამ კომპანიასთან დიდი ხანია მოლაპარაკებები მიმდინარეობს, უნდა შექმნილიყო კომისია, რომელიც განსაზღვრავდა რეალური ტარიფს. ჩვენ და არც მოსახლეობა არ არის წინააღმდეგი რომ რეალური და გამჭვირვალე ტარიფი დაიდოს და რა თქმა უნდა ჩვენ არ გვსურს კომპანიის გაკოტრება, როგორც ისინი აცხადებენ, თითქოსდა ფასების გაზრდა გამოწვეულია აქედან. მე ვფიქრობ, რომ თუ არ დაიდო შესაბამისი დასკვნა და სპეციალისტებმა არ განსაზღვრეს არ არის სწორი მიმართულება ასე თვითნებურად ფასების მატება. “

ირაკლი ტაბაღუა მოსახლეობას მოუწოდებს არ გადაიხადონ გაზრდილი ტარიფი, რადგან საკრებულოს მოქმედი დადგენილებით მგზავრობის საფასური დედაქალაქამდე და პირიქით 1.50 თეთრს შეადგენს.

“ესე ცალმხრივად მძღოლის მიერ ფასის გაზრდას შესაბამისი სანქცია მოჰყვა და თუ შესაბამისი სანქცია მოჰყვა ესე იგი ეს არ არის კანონის ჩარჩოში მოქცეული თანხა, რომელსაც მძღოლი ითხოვს. მგზავრების მიერ ზედმეტი თანხის გადახდა, მე შეიძლება ეს შევადარო, იმას როდესაც გარკვეულ ავტოსადგომებზე მომსახურე პირებს მანქანის დაყენების დროს გარკვეულ თანხას, ანაზღაურებას  ავტომობილების მძღოლები საჩუქრად  აძლევენ. ფაქტობრივად ასე გამოდის. “