აბიტურიენტების ნაწილი განათლების სამინისტროსთან აქციის გამართვას აპირებს

აბიტურიენტები 3 თებერვალს განათლების სამინისტროს წინ საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ. ისინი მოითხოვენ, რომ სკოლის გამოსაშვები გამოცდები მე-11 კლასელების მსგავსად, მე-12 კლასელებსაც გაუუქმდეთ.

აქციის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე გავრცელდა.

“ყველა აბიტურიენტი, ვინც უსამართლობას არ ურიგდება, კვირას 3 საათზე ვიკრიბებით განათლების სამინისტროსთან და მშვიდობიანად მოვითხოვთ საკუთარი უფლებების დაცვას! გაუქმდეს მეთორმეტე კლასის გამოცდები, ისევე როგორც მეთერთმეტეებისა და მომავალი მეთორმეტეების გამოცდები გაუქმდა! კვირას 3-ზე, როდესაც წესით აბიტურიენტების უმრავლესობას გაკვეთილები აღარ გვაქვს, შევიკრიბოთ და დავიცვათ ჩვენი უფლებები! მოგვცენ ეროვნული გამოცდების მშვიდად ჩაბარების საშუალება!”, – წერია Facebook-ზე ღონისძიების ანონსში.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, 2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ 2020 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება სამ სავალდებულო საგანში იქნება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მესამე იქნება იმ პროფილის მიმართულებით, რა სპეციალობასაც აბიტურიენტი აირჩევს. კერძოდ, ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში – ისტორიას.

რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას, მისი ან სხვა პროფილური გამოცდის დამატების უფლება უმაღლესმა სასწავლებლებმა მიიღეს.