განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით სასწავლო დაწესებულებებს რეკომენდაციით მიმართავს და სთხოვს,რომ სწავლის პროცესის დაწყებამდე, შენობები სადეზინფექციო სამუშაოებით უზრუნველყონ.
„21 იანვარს საქართველოში სასწავლო პროცესი განახლდება. შესაბამისად, ვირუსების გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავს რეკომენდაციით სასწავლო დაწესებულებებს, სწავლის პროცესის დაწყებამდე, შენობები სადეზინფექციო სამუშაოებით უზრუნველყონ.
ამასთანავე, სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგ, სისტემატურად დაიცვან სრული სისუფთავე, დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი. სკოლებმა უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასცილებას უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.