მართლმადიდებლური სამყარო შობის დღესასწაულისთვის ემზადება

მართლმადიდებლური სამყარო შობის დღესასწაულისთვის ემზადება. რუსთავის ვახტანგ გოგრგასალის სახელობის ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება 23:00 საათზე დაიწყება.

რუსთველი მიტროპოლიტი მეუფე იოანე საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურებას, მღვდელმსახურებთან ერთად აღავლენს.

წირვის დაწყებამდე ტაძარში პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს წაიკითხავენ. წირვის შემდეგ მეუფე  მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და შობის დღესასწაულს მიულოცავს.

შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა დასრულდება, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო. დღესასწაულის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში, 18 იანვრამდე მსგეფსი იქნება, რომლის დროსაც მრევლს ოთხშაბათსა და პარასკევს არასამარხვო საკვების მიღება შეეძლება. 18 იანვარი, ნათლისღების წინა დღე კი მარხვაა.

შობა, უდიდესი მოვლენაა მორწმუნეებისთვის. ბიბლიური ლიტერატურის თანახმად, იესო ქრისტე ქალაქ ბეთლემში  პატარა გამოქვაბულში იშვა. პირველად მაცხოვრის შობა წარმართ მოგვებზე გაცხადდა. სწორედ მათ შეამჩნიეს ცაზე აღმოსავლეთის ვარსკვლავი, რომელიც განსაკუთრებულად კაშკაშებდა და მოესმათ ზეციური ხმა: “ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა”. ეს იმის ნიშანი იყო, რომ გამოქვაბულში იშვა მხსნელი.

მოგვებმა გადაწყვიტეს, რომ მისულიყვნენ ახალშობილ იესოსთან და თაყვანი ეცათ მისთვის. შობის დღეს, მას მიართვეს სამი საჩუქარი: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო როგორც მეფეს, გუნდრუკი როგორც ღმერთს და მური როგორც ადამიანს.

ყოველ შობის დღესასწაულზე, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, დგება ლიტანიობა და მისივე ლოცვა-კურთხევით თითოეული მორწმუნე ადამიანები შობის ღამეს სარკმელთან სანთელს ანთებენ და მიდგომილ ღვთისმშობელს სახლში იხმობენ.